მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წლის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენა.
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.
2023 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდებიან შემდეგ საგნებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული, როგორც მეორე ენა.
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს: თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას; პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას; ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას; საგანმანათლებლო რესურსცენტრებს; პროფესიულ გაერთიანებას.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https: // forms. gle/ VsPFED4mz6FHYpt4A, ხოლო რეგისტრაციის ვადაა 2023 წლის 18 აპრილიდან - 7 მაისის ჩათვლით.