ქირურგიული მომსახურებისას გამოსაყენებელი მასალების მოთხოვნები, მახასიათებლები დამტკიცდა - რას ავალდებულებს ჯანდაცვის უწყება სამედიცინო დაწესებულებებს
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
უწყების ინფორმაციით, ცვლილების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს.
„სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა“, - ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება.