საზოგადოება
04.02.2020 12:34
სოციალური ქსელის მეშვეობით ,,სკიპიმ“ ავტომანქანის შესაძენი თანხა შეაგროვა. როგორი იყო საზოგადოების რეაქცია და რა მანქანას იძენს მამუკა ნადირაძე

მამუკა ნადირაძემ, რომელსაც ნაცნობ-მეგობრების უდიდესი ნაწილი ,,სკიპის“ მეტსახელით იცნობს, დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ 52-ე დაბადების დღეზე, 5 თებერვალს, თავისი პირველი მანქანის შეძენა სურდა და ნაცნობებს, უცნობებს თუ მეგობრებს, ამ სურვილის განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა. ,,ჩემო გემრიელო და მურაბა ხალხო, დავამტკიცოთ რომ სკიპის მეგობრები ყველაზე მაგრები ვართ მთელ დუნიაზე. არ დაიზაროთ და ჩამიცხეთ 1 ლარი, რომ შევიძინო ერთი ,,ფარჩაკი" მანქანა. 5-ში მანქანასთან ერთად ვქეიფობთ, არ დაინანოთ ჩარიცხვა. აი, რო კითხულობ, ჩამირიცხე, მიდი, არ დაგეზაროს - 59001065205 მამუკა ნადირაძე, სკიპი საქართველოს ბანკი.
მიყვარხართ!
პ.ს. ყველას დაგაპიპინებინებთ!”

5 თებერვლამდე 1 დღით ადრე კი, ,,სკიპიმ“ კიდევ ერთი, ოდნავ განსხვავებული შინაარსის პოსტი დაწერა - ,,მოკლედ, 5-ში გაიგებთ მაგარ ამბავს და დავუმტკიცებ გოიმებს, ბოღმიანებს, არა იუმორის მქონე ვითომ ხელოვანებს და გველკუა ადამიანებს, რომ სიყვარულზე და კაცობაზე მაგარი არაფერია ქვეყანაზე... ასე რომ, 5-მდე, მიყვარხართ ყველა“, - წერს გორელი მამუკა ნადირაძე (,,სკიპი“) სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

GMnews-ი მამუკა ნადირაძეს დაუკავშირდა იმის გასაგებად, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია ავტომანქანის შესაძენად დახმარების თხოვნაზე და შეაგროვა თუ არა საკმარისი თანხა.

,,სოციალური ქსელებით არასდროს ვსარგებლობდი, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ,,ფეისბუქზე“ დავრეგისტრირდი და გადავწყვიტე, ასეთი კრეატიული წინადადებით შემოვსულიყავი. საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია პოზიტიური იყო და ბევრმა ჩამირიცხა გარკვეული თანხა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ალბათ, 4-5 კაცი, ვისაც ნეგატიური რეაქცია ჰქონდა - რა დროს ეგ არისო, ამდენს უჭირსო... ცხოვრებაში უამრავი პრობლემა მქონია, მაგრამ არასდროს მითხოვია საზოგადოებისთვის დახმარება. ახლაც, ამ წინადადებით, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ადამიანების გული არ გაციებულა და ისევ არსებობს მეგობრობაც, გვერდში დგომაც და სიყვარულიც. რაც შეეხება თანხას, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ 4000 ლარი შეგროვდა, მანქანაც უკვე შერჩეულია და სახელმწიფო ნომერიც. ვერცხლისფერი ავტომანქანაა, ,,ნისანის" მარკის, ნომრით - SKIP 101. ხვალ გავაცნობ საზოგადოებას“, - აღნიშნა ,,სკიპიმ“ GMnews-თან.

კვირის ამბები