საზოგადოება
18.04.2023 16:08
გორში სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნა
გორში „ოქონობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ოქონის მშენებარე ტაძარში აღავლინა.
საეკლესიო მსახურებას მრევლთან ერთად, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ანდრიამ გორი დალოცა.
ქალაქის ქუჩებში ტრადიციული საზეიმო მსვლელობისას კი სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქუჩები აკურთხეს.
„დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. ამჟამად ხატი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვულოცავ ყველას“, - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

„ოქონობის“ დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეცხრამეტედ აღინიშნა.

ოქონის ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება. სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.
კვირის ამბები