დღეს, ჰოლანდიაში, ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე, პაპის ძმას ერთი მუჭა ქართული მიწა მივუტანე, - წერს სოციალურ ქსელში ,,შატო ატენის" დამფუძნებელი სოსო ვანიშვილი და 82 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ატენელი სიმონ ვანიშვილის ამბავს ჰყვება.
სიმონ, იგივე სიკო ვანიშვილი, ომში 1941 წელს გაუწვევიათ, მას შემდეგ აღარაფერი სმენია ოჯახს, ახალშერთული ცოლიც ასე უიმედოდ ელოდა ომში დაკარგული ქმრის გამოჩენას სიცოცხლის ბილომდე, მაგრამ ვერაფერი გაუგიათ სიკო ვანიშვილზე, დაიკარგა...
78 წლის შემდეგ კი, ვანიშვილების ოჯახში კვლავ ახსენეს სიკოს სახელი, უფრო ზუსტად - მის საფლავზე აცნობეს ახლობლებს და ამ დღიდან ლოდინის ახალი ისტორია დაიწყო.
„პაპაჩემის, ილია ვანიშვილის ძმა სიმონ (სიკო) ვანიშვილი
1941 წელს ომში გაიწვის. წავიდა, წავიდა და წავიდა... სიცოცხლის ბოლომდე ელოდებოდა ახლადშერთული ცოლი ელიჩკა ქერდიყოშვილი. არანაირი წერილი, არანაირი პასუხი, იყო მხოლოდ ლოდინი უიმედო...
...78 წლის შემდეგ, ჰოლანდიის მხარის სახელით ზაზა მილაძე გვიკავშირდება, ჰოლანდიის ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების შესახებ გვიყვება და გვამცნობს, რომ 15 ქართველი ჯარისკაციდან, შესაძლოა, ერთ-ერთი სწორედ პაპის ძმა, სიმონ ვანიშვილი იყოს. ნაცისტებმა ისინი ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისთვის დახვრიტესო.
მერე მამაჩემს აუღეს დნმ-ის ანალიზი და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მივიღეთ პასუხი. აღებული დნმ-ს ანალიზი დაემთხვა, დადებითია", - წერს სოსო ვანიშვილი და ამბობს, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, როდესაც დაზუსტდა, რომ უცნობი ჯარისკაცი სიმონ ვანიშვილი იყო, პირობა დადო, რომ პაპის ძმის საფლავს მოინახულებდა და ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე მშობლიური ატენის მიწას ჩაიტანდა. ,,დადებული პირობა დღეს შევასრულე, შევასრულე დაგვიანებით, მაგრამ მაინც... კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სიმართლის დასადგენად უანგაროდ იშრომა," - აცხადებს სოსო ვანიშვილი.
სულ მალე, „უცნობი ჯარისკაცის“ საფლავის ქვაზე სიმონ (სიკო) ვანიშვილის სახელი ამოიტვიფრება.