საზოგადოება
18.04.2023 11:52
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი გორში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტის განხორციელებას იწყებს
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი გორში მცხოვრები პირებისთვის პროექტის განხორციელებას იწყებს.

ორგანიზატორების თქმით, მაზნიაშვილის ლეგიონი დამოუკიდებელი, მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა კრიზისული სიტუაციისთვის ამზადებს და ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ ატარებს დაწყებითი სამხედრო-სალაშქრო მომზადების, სპეციალურ და სამეთაურო კურსებს როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდებისთვის.

პროექტში მონაწილეთა მინიმალური ასაკი 14 წელია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები 23 აპრილიდან დაიწყება და 2 თვე (7 თემატური კვირეული) გაგრძელდება. თეორიული სწავლებები პარასკევობით, ხოლო საველე გასვლები შაბათ-კვირასაა დაგეგმილი.
მსურველებმა პროგრამაში ჩასართავად ონლაინ ანკეტა უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ოფიციალურ ვებ გვერდზე: www. legionerebi. com

ლეგიონის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა.
კვირის ამბები