საზოგადოება
18.04.2023 11:02
დღეს ოქონობაა

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში „ოქონობა“ აღინიშნება. მე-12 საუკუნიდან, ოქონის ხატი - ტრიპტიკონი (სპილოს ძვლის სამკარედი ხატი), გორის და შიდა ქართლის მფარველ ხატად მიიჩნეოდა.

როგორც წესი, ამ დღეს, ტაძრებში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ოქონის ხატის თანხლებით, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.

ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ოქონის სამკარედი დაბრძანებული იყო ცხინვალის მუზეუმში, საიდანაც ხატი დაიკარგა და 2001 წელს, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

2004 წელს, ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნდა და ის ამჟამად თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

გორის ოქონის საკათედრო ტაძარი, რომელიც ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, კომუნისტურ პერიოდში ააფეთქეს და მის ადგილზე კამოს სახელით ცნობილი ბოლშევიკის - იგივე სიმონ ტერ-პეტროსიანის ძეგლი დადგეს. ოქონის ტაძარი აღდგა და ამჟამად დასრულების პროცესშია.

კვირის ამბები