საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 114-კმ. 194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა, სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებულია გარკვეული რეჟიმები.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობას, თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.
„გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.