საზოგადოება
13.04.2023 12:33
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის გუბერნატორთან და გორის მერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - მეჯვრისხევსა და ნიქოზში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ანა ჩერნიშოვასთან ერთად, სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით. სახელმწიფო მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და გაერო-ს წარმომადგენელი, ამბულატორიების მედპერსონალს შეხვდნენ და  სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ამასთან, განხილულ იქნა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, ახვლედიანმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

,,შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა წარმოადგენს, სახელმწიფო მინისტრი მეჯვრისხევსა და ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს - ხელოვნების სკოლას ეწვია, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია ფუნქციონირებს. თეა ახვლედიანმა მეუფესთან ანიმაციური ფილმების 2023 წლის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების, ისევე როგორც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა.

„გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება, რა თქმა უნდა კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. დღეს ჩვენ ვეწვიეთ შიდა ქართლის რეგიონში სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზს, გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის წარმომადგენლებთან ერთად. UNDP საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მხარს უჭერს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ასევე შეხვედრები გავმართეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მეჯვრისხევსა და ნიქოზში, ზოგადად შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების ერთობლივ გზებზე,“ - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

კვირის ამბები