კულტურა
13.04.2023 12:16
გორში, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გორში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს ქართული ენის დაცვის დღე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურსებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს, იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილება და მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის საერთო სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დადგენილიყო. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსიც უქმდებოდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური მღელვარება მოჰყვა.

საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

კვირის ამბები