გორის ზოგ სააფთიაქო ქსელში სამედიცინო ნიღბებზე დეფიციტია - სად შეიძლება შეიძინოთ პირბადეები
ვირუსული ინფექციების გავრცელების აქტიურ პერიოდში განსაკუთრებული მოთხოვნაა სამედიცინო ნიღბებზე.
მართალია, ვირუსოლოგები ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების წინააღმდეგ ნიღბების გამოყენებას ბოლომდე საიმედოდ არ მიიჩნევენ, თუმცა, ფაქტია, რომ ნიღბის შეძენის მსურველთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
GMnews გორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და სხვადასხვა სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა.
„იმპექსი“-სა და „ფარმადეპო“-ს ქსელში, სამედიცინო ნიღბის შეძენას, დღეის მდგომარეობით ვერ შეძლებთ, თუმცა, თუ„პე ეს პე“-ს, „სახალხო აფთიაქს“ ან „ჯი პი სი“-ს (ჭაჭავაძისასა გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე) მიაკითხავთ, პირბადის ყიდვას შეუფერხელბად შეძლებთ. როგორც გავარკვიეთ, პირბადეების მარაგი ჯერ კიდევ არის აფთიაქ„ბარბარე“-ს ოთხივე ფილიალშიც, თუმცა, როგორც GMnews-თან საუბრისას აღნიშნეს, მარაგი მომწოდებელ ბაზაში იწურება და შესაბამისად, ვერ აკონკრეტებენ, შეძლებენ თუ არა ახლო მომავალში აფთიაქების მომარაგებას.
კიდევ ერთი ფაქტი, სამედიცინო ნიღბებზე მომატებული მოთხოვნის ფონზე, მოიმატა პირბადის ფასმაც, დღევანდელი მდგომარეობით, ერთი სამედიცინო ნიღბის შეძენა 20 თეთრადაა შესაძლებელი, თუმცა, როგორც GMnews-თან საუბრისას აფთიაქებში განაცხადეს, ფასი სტაბილური არ არის და მომწოდებლის მიერ შემოტანის დროს რეგულირდება.
სამედიცინო ნიღბები პირველად საავადმყოფოებში მე-18 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, თუმცა, მასობრივი გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 1919 წელს მსოფლიოში ესპანური გრიპის ვირუსმა იფეთქა, რომელსაც დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.