საზოგადოება
12.04.2023 13:40
გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს
16 წლის გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მანდატურები, მშობლები და სოფლის მოსახლეობა იყო ჩართული, წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა ხელით შექმნილი ნივთები, აქსესუარები, წიგნები, მშობლების მოამზადებული ტკბილეული, ღვეზელები, ასევე მეორეული ნივთებიც.
„საოცარი ერთსულოვნება ვაჩვენეთ. დიდი და პატარა იყო ჩართული გიორგის დასახმარებლად. აღსანიშნავია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერაც: მოგვაწოდეს ფანჩატურები, სადაც გამოვფინეთ გასაყიდი ნივთები, მხარში დაგვიდგა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, სათემო ორგანიზაცია „ბეთლემი“, მოსახლეობა, დიდი მადლობა ყველას...

ერთად დგომით 936 ლარი შევაგროვეთ და უკვე გადავრიცხეთ გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სკრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლანა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მოზარდის მხარდასაჭერად დღემდე არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე - GE46BG0000000541659913
კვირის ამბები