გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
სოფლებში: ატენი, ხიდისთავი, კოშკები - რკინა-ბეტონის გზა მოეწყობა, ასევე, გორში, ფურცელაძის ქუჩაზე დაგეგმილია გზის გარკვეულ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის დაგებაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მერიამ ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება კი 1 068 790 ლარია.
ატენში, შიდა საუბნო გზის ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად (1 267 მეტრი), მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხი; ხიდისთავში -სასაფლაოსთან მისასვლელი გზის 340-მეტრიანი მონაკვეთი; კოშკებში - შიდა საუბნო გზა (161 მეტრი); ხოლო გორში, ფურცელაძის ქუჩაზე დასაგები რკინა-ბეტონის საფარი გზის 70-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.