რჩევები
12.04.2023 12:17
როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი

სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვის ტექნოლოგია არავისთვის არის სიახლე, თუმცა, მაინც გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მკვეთრი და ხასხასა ფერის წითელი კვერცხი გამოგივათ.

პირველ რიგში, სასურველია შესაღები კვერცხები ოთახის ტემპერატურის იყოს.

თუ მაინც პირდაპირ მაცივრიდან აღებულ კვერცხებს ღებავთ, 10-15 წუთით მაინც გააჩერეთ ოთახის ტემპერატურის წყალში.

რაც შეეხება შესაღებ საშუალებებს – უპირატესობა მიანიჭეთ ენდროს, რადგან ის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა სააღდგომო კვერცხების შესაღებად.

სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, ენდროს დაუმატოთ ხახვის ფურცლებიც.

შეღებვის პროცესი

აიღეთ ქვაბი, რომლის ენდროთი შეღებვაც არ დაგენანებათ. ჩაყარეთ მასში კარგად გარეცხილი და კარგად დანაყილი ენდრო, დაასხით ცივი წყალი და აადუღეთ (შეგიძლიათ სურვილის მიხედვით ხახვის ფოთლებიც ჩაყაროთ), ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

გააციეთ ნახარში და მოათავსეთ მასში ოთახის ტემპერატურის კვერცხები, დაუმატეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში.

იგივე ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხების მეორეჯერ მოხარშვისას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კვერცხები რომ არ დასკდეს, ნახარში აუცილებლად გააციეთ და კვერცხები ისე მოათავსეთ.

უკვე შეღებილი კვერცხები მოათავსეთ ცივ წყალში, ბოლოს კი, გაამშრალეთ და მსუბუქად გადაუსვით რამდენიმე წვეთი ზეთით დანამული ქაღალდის ხელსახოცით.

კვირის ამბები