საზოგადოება
11.04.2023 12:20
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - კონკურსი მოსწავლეებისთვის - გამარჯვებულებს iPhone 14 Pro, HP-ის ლეპტოპი და iPad 10.2 გადაეცემათ
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს. კონკურსში - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - მონაწილეობა IX, X და XI კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიას, ან ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული როგორც ყალბი და ამასთან ერთად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

„კონკურსის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის და სიმართლის აღმოჩენის გზა მათთვის სასურველი ფორმატით, რასაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს iPhone 14 Pro-ს, HP-ის ლეპტოპსა და iPad 10.2-ს გადასცემს“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმების და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად, საქართველოს მასშტაბით რვაჯერ ჩატარდა.

მოსწავლეთა განაცხადების მიღება 10 აპრილს დაიწყო და 31 მაისამდეა შესაძლებელი.

კონკურსის წესების და დეტალური ინფორმაციის გაცნობა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე და მედიაწიგნიერების და კომისიის ფეისბუქ გვერდებზეა შესაძლებელი.
კვირის ამბები