03.02.2020 17:00
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცვნენ. ამ დროისთვის, აღნიშნულ დასახლებაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ხურვალეთის გარდა, ინფრასტრუქტურის მოწყობა შიდა ქართლის მასშტაბით, დევნილთა კიდევ ცხრა დასახლებაში ხორციელდება.
სამხარეო ადმინისტრაციისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობით, ცოტა ხნის წინ, ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში რეკრეაციული სივრცეც მოეწყო. როგორც შიდა ქართლის გუბერნიაში აცხადებენ, სკვერისა და ბავშვთა გასართობი ზონის კეთილმოწყობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა.
„მოგეხსენებათ, თითოეული პროექტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში განსაკუთრებით მწვავედ იდგა შიდა გზების მოწესრიგების საკითხი. უამინდობისას, მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდა. გზის საფარის გარდა, პროექტი სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს, ამიტომ აღნიშნული პრობლემა აქ მაცხოვრებლებს აღარ შეაწუხებს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებასთან, ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, რათა სწრაფი და ეფექტური შედეგი მივიღოთ“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, ხურვალეთის დევნიულთა დასახლების ტერიტორიაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება.