რთული ქცევის მქონე მოზარდებთან მუშაობის თავისებურებებზე, ძალადობის ნიშნების ამოცნობის ხერხებზე, ძალადობაზე რეაგირების ფორმებსა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ლექცია-სემინარზე ისაუბრეს.
ტრენინგები გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული კამპანიის ფარგლებში, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) ჩაატარა.
„კამპანიის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რთული ქცევის მოზარდების ფსიქოსოციალური მომსახურება და ცნობიერების ამაღლებაა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. მსგავსი თემატიკის ტრენინგები წლის ბოლომდე გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, ჩატარდება საველე შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ფსიქოსოციალური სერვისის მიწოდებაც იგეგმება“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.