სპორტი
10.04.2023 12:17
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ. გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, გორის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეების საწვრთნელ ვარჯიშს დაესწრნენ. მათ სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

საწვრთნელ შეკრებებზე დასახელდა მოჭიდავეთა შემადგენლობაც, რომელიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის არიან - გენო პეტრიაშვილი, რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე და გივი მაჭარაშვილი.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია დაიცავენ.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 17-23 აპრილს გაიმართება.

კვირის ამბები