სპორტი
03.02.2020 13:25
მძლეოსანმა გიორგი ყეინაშვილმა ოქრო უფროსებს აართვა
 
17 წლის გორელმა ბირთვის მკვრელმა გიორგი ყეინაშვილმა თბილისში გამართულ ზამთრის ღია ჩემპიონატზე (უფროსებს შორის) საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ყეინაშვილმა 7 კგ-იანი ბირთვი 14.02 მეტრზე გადააგდო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც გორელი სპორტსმენი ავიდა. მეორე ადგილი კიდევ ერთმა გორელმა გაიოზ გელდიაშვილმა დაიკავა, რომელმაც ბირთვი 10.60 მ-ზე გადააგდო.
გიორგი ყეინაშვილისთვის წლეულს ეს პირველი ოქროა, თუმცა მას აქამდე არაერთხელ მოუპოვებია გამარჯვებები სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე. პერპექტიული სპორტსმენი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მძლეოსნობის სექციის აღზრდილია. მისი პირველი მწვრთნელი გივი იაზბარიანი გახლავთ, ამჟამად კი, საქართველოს ნაკრებში დავით მანთიძე წვრთნის.
თბილისის ღია ჩემპიონატზე გორელებმა კიდევ ერთი მედლის დაუფლება შეძლეს. სამმაგ ხტომებში მესამე შედეგი ჰქონდა და ბრინჯაოს მედალი აიღო გივი იაზბარიანის კიდევ ერთმა პერსპექტიულმა შეგირდმა ლუკა ედილაშვილმა.

კვირის ამბები