საზოგადოება
09.04.2023 14:46
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

გორში, 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა დაგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილის სახელობის სკვერში, ტრადიციულად, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

აღნიშნული სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, გორში რამდენიმე ათეული წლის წინ მოეწყო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კვირის ამბები