საზოგადოება
08.04.2023 22:13
საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში.

„ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგხსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტიდან აიკრძალა და მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გადაერთო.

კვირის ამბები