წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლებისთვის დამატებითი მოთხოვნების და კომპეტენციების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლებისთვის, გაიწერა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები და საჭირო კომპეტენციები.
კერძოდ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ვალდებულებაა კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ინკლუზიური განათლების სფეროში; ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნის გაფართოება და პრაქტიკის გაუმჯობესება; განათლების სფეროში კვლევების ჩატარება; ეფექტური და პოზიტიური თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან; სსსმ მოსწავლეთა ადვოკატირება; ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრება. ამასთანავე, მათი ტრანზიციის ხელშეწყობა და პროფესიული ორიენტაცია, სკოლის ინკლუზიური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირება საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად ინკლუზიური განათლების მიმართულებით და კონსულტირება და მენტორობა.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, ცვლილებები 6 აპრილს შევიდა.