საზოგადოება
03.02.2020 13:22
გორში და ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს
2020 წელს, გორსა და ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2007 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, კეთილმოწყობილ კორპუსებში სამხედროებს წლის ბოლომდე შეასახლებს.
„სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცებისთვის გადასაცემი მრავალბინიანი საცხოვრებლების ფასადისა და სადარბაზოების სრულად მოპირკეთება, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, ლიფტის მონტაჟი, თითოელი ბინის შესასვლელში დაყენდება რკინის კარი, ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა და ასე შემდეგ. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე, როგორც უწყების, ასევე, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე, თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო.
კვირის ამბები