საზოგადოება
07.04.2023 10:49
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

მარიამი, ამ დროს, იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება იოანე ოქროპირის ლიტურგია. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

კვირის ამბები