საზოგადოება
06.04.2023 15:00
სექტემბრიდან, კორუფციული ხასიათის დანაშაულის მხილება ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდითაც იქნება შესაძლებელი
ანტიკორუფციული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, პირველი სექტემბრიდან, დანაშაულის მხილება უწყების ვებგვერდით, წერილობით, ზეპირად, ტელეფონით, ფაქსით და სხვა საშუალებებით იქნება შესაძლებელი, სექტემბრამდე კი აღნიშნულ მანდატს საჯარო სამსახურის ბიურო ითავსებს.

„საზოგადოებრივი ინტერესების გამო გატყობინებთ შემდეგს: 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, მხილება შეიძლება განხორციელდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით, როგორც ეს კორუფციის წინააღდმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის, მე-20 (პრიმა 3) მუხლის პირველი პუნქტით არის დადგენილი.
2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე, აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს და განცხადება შეგიძლიათ გააგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www. mkhileba. gov. ge ). ასევე მხილება შესაძლებელია წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით, რისთვისაც გიზიარებთ საჯარო სამსახურის ბიუროს საკონტაქტო ინფორმაციას: ტელეფონი: (+995 32) 2192727; ელ. ფოსტა: info@csb. gov. ge; საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით, საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით კი, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 5 ადგილით დაწინაურდა და ევროპაში 21-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.
კვირის ამბები