სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2 კი, დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს და დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს.
როგორც ცინცაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები - 40 და 44 წლის მამაკაცები მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან, ეს სასამართლო პროცესზეც განაცხადეს, თუმცა, არ ეთანხმებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივად, მოხდა გაურკვევლობა. ბერშუეთში მცხოვრები ერთი პირი სოფელში არსებული საგუშაგოს სიახლოვეს გადაადგილდებოდა ავტომობილით, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში - ნასვამი, საგუშაგოზე მყოფმა პირებმა ანიშნეს, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასძახა - ხომ მიცნობთ, რომ აქაური ვარ, რატომ მაჩერებინებთო. ამას მოჰყვა უთანხმოება, შემდეგ მისახმარებლად მივიდნენ სხვებიც. ფაქტობრივად, მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მხარემ მიიღო სხეულის დაზიანებები. ჩემის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს აღენიშნება სხეულის დაზიანებები, რის გამოც მოვითხოვე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამგვარი ფორმულირება, უფრო მეტიც - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საკმაოდ კარგი განწყობა აქვთ შსს-ს დანაყოფების მიმართ, ეს ადამიანები ეიმედებათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა, დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რასაც შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.