„მეწარმეობის ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა სოფელ შინდისში გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, ასევე საინფორმაციო მასალები გადასცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
„სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საგრანტო კონკურსებში და მუშაობს სხვადასხვა დონორისგან ფინანსების მოძიების მიმართულებით. ორგანიზაციას აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელების გამოცდილება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „მეწარმეობის ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაიმართება.