საზოგადოება
05.04.2023 13:50
განათლების საერთაშორისო ცენტრმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, 2023-2024 სასწავლო წლისთვის, მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი მოიცავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებს: საერთაშორისო სამაგისტრო; საერთაშორისო სადოქტორო; საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური; საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას და, ასევე, პარტნიორულ სასტიპენდიო აკადემიურ პროგრამებს იტალიაში და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებზე ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app. iec .gov. ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში შესაძლებელია 10 აპრილის ჩათვლით; ხოლო პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე - 15 აპრილის ჩათვლით.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის, ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec @ iec. gov. ge მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, 9 წელია საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს აფინანსებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, წარმატებით აგრძელებს საქმიანობას შესაბამის სფეროში.
კვირის ამბები