სოციალური ქსელებით კვლავ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსის არსებობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ხმოვანი გზავნილებით გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტრო გზავნილებს და ინფორმაციას, რომელსაც ეს გზავნილები შეიცავს, სრულიად დაუსაბუთებელ, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ ფაქტად აფასებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა:
,,ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!
საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე! ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ:
არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს”, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.