საზოგადოება
05.04.2023 11:06
ექიმების და ექთნების ანაზღაურების ელექტრონული პორტალის მუშაობას შრომის ინსპექციია გააკონტროლებს

ექიმების და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა.

სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის - „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში განხორციელებული პროექტია, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმების და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული პორტალი 1-ლი აპრილიდან ამუშავდა და მონაცემებს შრომის ინსპექცია დაამუშავებს, ასევე სისტემის გამართულ ფუნქციონირებას გააკონტროლებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმების და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმს და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო.

კვირის ამბები