მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართა
მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართა. სააგენტოდან რამდენიმე ლეკვი გაჩუქდა, ერთ-ერთი კი, გორში მცხოვრებმა ლელა გურგენაშვილმა წაიყვანა.
როგორც გურგენაშვილმა ,,გორის მაცნესთან" საუბრისას აღნიშნა, მას ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, ამჟამად კი 30-მდე ძაღლს უვლის. გურგენაშვილი ცხოველებთან ურთიერთობას ერთგვარ თერაპიას უწოდებს და სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს, მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ მიუსაფარი ცხოველების მიმართ.
როგორც შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში განაცხადეს, ამ ეტაპზე, 20-მდე მიუსაფარი ცხოველი ჰყავთ შერჩეული გასაჩუქებლად.
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი მიუსაფარ ცხოველთა მიმართ მზრუნველობის, თანაგრძნობის და დახმარების გამოხატვაა.