საზოგადოება
04.04.2023 11:42
„მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა 2023“ დაიწყო
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე დაიწყო.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხას, გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს შეადგენს.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში კი, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი: ახალი ბიზნესის წამოწყება; ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება და განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიცარებს.
ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი.
კვირის ამბები