ტაო-კლარჯეთში თუ ყოფილხართ, აუცილებლად დაგამახსოვრებდათ თავს ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი, საიდანაც გზები მიემართება უძველესი ქართული ტაძრებისკენ, თუმცა, ტაოში თუ ამ დრომდე არ ყოფილხართ, იუსუფელს უკვე ვეღარ ნახავთ.
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა.
გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, ართვინის პროვინციაში 19 სოფელი და იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.
იუსუფელის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ უკვე ააშენეს ახალი უბანი - „ახალი იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად.
კაშხალი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად 2022 წლის ნოემბერში გახსნა, ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.
გიგანტური კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე.
წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.
თავდაპირველად, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ რომ იუსუფელის გარეუბანში მხოლოდ ქართული დარბაზული ეკლესიის ნანგრევები დაიტბორებოდა.
მოგვიანებით კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაო-კლარჯეთში არსებულ სხვა ქართულ ტაძრებსაც შეექმნა საფრთხე, იტბორება ოთხთას და პარხალისკენ მიმავალი გზებიც.
ოთხთა ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც სოფელ დორთკილისედან 5 კილომეტრში მდებარეობს, გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.
რაც შეეხება პარხალს, უძველესი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის, მდინარე პარხლისწყლის ხეობაში მდებარეობს და გვიანდელი ხანის ქარტული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს. პარხალის ეკლესია დავით III კურაპალატმა ააგო.