ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
შეგახსენებთ, რომ ბზის მოპოვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდანაა შესაძლებელი.