საზოგადოება
03.04.2023 12:24
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდის აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

,,ტრანსპოერტის მოძრაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის მოსვლის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით, 200 მეტრში განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოშლის ტენდენცია იყო. ამიტომ, სპეციალისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის უღელტეხილზე დროებით შეგვეზღუდა გადაადგილება.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს.

ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე. მიმდინარეობს ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტიდან აიკრძალა და მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გადაერთო.

კვირის ამბები