2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 დასრულდება. რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა: ძირითად ეტაპზე, რომელიც დღეს სრულდება, გამოსაცდელი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. აღსანიშნავია ისიც, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
რაც შეეხება საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას, აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
ცნობისთვის, დღეს სრულდება მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის რეგისტრაციაც.