ბოლო 10 წლის განმავლობაში წყალუზრუნვეყოფილი ფართობი 45 000-დან 164 000 ჰა-მდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 44 000 ჰა-მდეა გაზრდილი
„მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელების შედეგად, რეგულარულად, დამატებით 14 570 სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, წყლის მიწოდება 22 865 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტარით გაიზრდება“, - აღნიშნულის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ნასარიძემ განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგები ხელშესახები და შთამბეჭდავია.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო 10 წლის განმავლობაში წყალუზრუნვეყოფილი ფართობი 45 000 ჰექტარიდან 164 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 44 000 ჰექტარამდეა გაზრდილი.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 61,5 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. კომპანიის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმით, წელსვე დაგეგმილია 52 პროექტის დაწყება, ჯამური ღირებულებით 100,9 მლნ ლარი“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.