საზოგადოება
31.03.2023 10:36
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

დღეს, 31 მარტს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება.

32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

რეფერენდუმში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. 3 672 403 ამომრჩევლიდან, 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის საფუძველზეც, 9 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს - ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა.

კვირის ამბები