კულტურა
30.03.2023 15:41
„ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ - კულტურის სამინისტრომ შშმ პირების გააქტიურების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.
უწყების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის მიზნით, ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შშმ პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათთვის კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად თანაბარი პირობების შექმნა; შშმ პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; შშმ პირთათვის, ონლაინპლატფორმების გამოყენებით, კულტურის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო პირობების შეთავაზება.

პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. კონკურსისთვის 120 000 ლარია გამოყოფილი.
„საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე, ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info @ culture. gov. ge. დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სამინისტრომ 14 საკონკურსო განაცხადიდან ხუთი პროექტი დააფინანსა. კონკურსში 126 ადამიანი მონაწილეობდა (მათ შორის - 55 შშმ პირი) და ხუთი ღონისძიება გაიმართა.
მსურველებს კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229; 577 470 691 (სამუშაო საათების განმავლობაში).
კვირის ამბები