შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაიკეტა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
გიორგი წერეთლის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მიმართულებით.
„რიკოთის მონაკვეთზე, 149-ე კილომეტრზე არსებულ გზასთან სიახლოვეს, მეწყრულ უბანზე, სპეციალისტების დაკვირვების შედეგად და კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი სახის საფრთხის თავიდან აცილების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოგვეცა რეკომენდაცია, რომ რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
ამ ეტაპზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მიმართულებით. კვლავ აქტიურად გრძელდება დაკვირვების პროცესი აღნიშნულ მეწყრულ უბანზე სპეციალისტების მიერ და როგორც კი მოგვეცემა მათ მიერ რეკომენდაციები, გაიხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ.