შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,, სოფლის მეურნეობა ჩვენი რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა დარგს მოიცავს და მათ შორის არის მეთევზეობა, ამ კუთხით კი გორი და ზოგადად, შიდა ქართლი ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს რეგიონში არაერთი საკალმახე და სატბორე მეურნეობა გვაქვს, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ თავის საქმიანობას.
მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შეგხვდეთ, ვისაუბროთ დარგის განვითარების შესახებ, ასევე მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, გაგვიზიაროთ საჭიროებები და ჩვენც, ჩვენი მხრივ, მოგაწოდოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ფერმერების განვითარებასა და ხელშეწყობაზე და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, შეუქცევადია. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველი წარმატებული მეურნეობა ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობას. სამხარეო ადმინისტრაცია კი, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მუდამ მზადაა თანამშრომლობისთვის“, - მიმართა შეკრებილებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
ცნობისთვის, საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და თევზმომშენებელ ფერმერებთან შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა