საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, შიდა ქართლში, ძამის ხეობაში, ორთუბნის დედათა მონასტრის სიახლოვეს მდებარე ციციშვილების აბანოს რესტავრაციას იწყებს. შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლის რესტავრაციის დაწყების პროცესს, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკა ანთიძესთან ერთად გაეცნო.
,,ძალზე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თითოეული ძეგლის შენარჩუნება, პირვანდელი სახის აღდგენა და მოვლა-პატრონობა. საკმაოდ დაზიანებულია ციციშვილების ისტორიული აბანო, რომელსაც 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პროექტის ფარგლებში, არაერთი სამუშაოს ჩატარება იგეგმება, შესაბამისად, ჩვენს რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის შიდა ქართლის და ძამის ხეობის ტურისტულ პოტენციალს, რომელიც, აქამდე, ძირითადად, პილიგრიმული სახის ტურებს მასპინძლობდა. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება ადგილობრივი თუ საქართველოში სტუმრადმყოფი ვიზიტორების უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ისტორიული ობიექტი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. ნაწილობრივ ჩაშლილია ნაგებობის გუმბათები და გასახდელის სამხრეთ კედელი. მთლიანად ჩაშლილია აბანოს დარბაზის იატაკი, აუზები კი, ნაშალი მიწითაა ამოვსებული.
როგორც სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, საჭიროა, განხორციელდეს აბანოს გარე და შიდა სივრცის გაწმენდა, არსებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების დაზუსტება, სრულყოფა და რეალური მდგომარეობის ასახვით - კორექტირებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების მომზადება.
ცნობისთვის, 2017 წელს, ციციშვილების აბანოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.