თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლის - „მე მოვალ - სიზმარი“ ჩვენება გაიმართა.
თეატრმცოდნეთა თქმით, გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენა ერთგვარი გზამკვლევია და მაყურებელს პოეტის შემოქმედების ორიგინალურ და მეტად თავისებურ გააზრებას სთავაზობს.
„გალაკტიონის ლექსებისა და ყოველდღიური ჩანაწერების შეპირისპირებით იმ წინააღმდეგობის ჩვენება ავირჩიეთ, რის წინაშეც დგება ყველა და მითუმეტეს, გალაკტიონის რანგის შემოქმედი, ანუ, როცა ცხოვრებას და შემოქმედებას, ყოფას და პოეზიას შორის იძულებულია რომელიმე მათგანი აირჩიოს. ან აქვს კი ასეთ ადამიანს მსგავსი არჩევანი? მსახიობები - მაკა შალიკაშვილი და დავით დარჩია - რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე შველიძის სპექტაკლში ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გალაკტიონის შედევრებისა და მისი ჩანაწერების გაცოცხლებით ცდილობენ“, - ამბობენ გ. ერისთავის სახელობის თეატრში.
შეგახსენებთ, ხვალ, 29 მარტს, გორის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა - „ქეიფი სოლოლაკში“ ჩაინიშნა.