„ჩემი და ლუკას ამბავი“ - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით გორში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით კვირეული ტარდება, რომლის ფარგლებშიც, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით, გორში წიგნის - „ჩემი და ლუკას ამბავი“, პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება პირველ აპრილს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) 15:00 საათზე დაიწყება, რომელსაც წიგნის ავტორი და აუტიზმის კვლევისა და განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი გაუძღვება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრას საჯარო სკოლების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სპეც. პედაგოგები, ინდივიდუალურ ასისტენტები, ფსიქოლოგები, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრების წარმომადგენლები, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები დაესწრებიან.
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად გადაეცემათ წიგნები, რომელიც უწყებამ სპეციალურად მათთვის შეიძინა.
შეგახსენებთ, აუტიზმის მქონე მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსები 2000 ლარის ოდენობით უფინანსდებათ.
გარდა ამისა, გორის მერია სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც აუტიზმის მქონე მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.