საზოგადოება
31.01.2020 13:32
ბობნევში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა
ბობნევის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი მალე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდებათ. აღნიშნულ სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას 250 350 ლარი მოხმარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„ბობნევში, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შემდეგ, დამატებით, კიდევ 40 ოჯახი იქნება სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წინადადებების მიღების ვადა 6 თებერვალს იწურება. რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მოეწყობა შიდა ქსელი, რეზერვუარი, სათავე მაგისტრალი და საქლორატორო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბობნევში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით, 24 საათის განმავლობაში მიიღებენ“, აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, ტანას ხეობაში მდებარე სოფელ ბობნევში, ამ დროისთვის, 70 - მდე მუდმივმაცხოვრებელი ოჯახია. მათ შორის 30 - მდე კომლი სასმელი წყლით უკვე უზრუნველყოფილია.
კვირის ამბები