სტრატეგიის დამტკიცებით, მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას
საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც მრავალსექტორული ჩართულობით შემუშავდა.
„სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი.
ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.