საზოგადოება
24.03.2023 11:48
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, მსოფლიოში, ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.

ტუბერკულოზი გადამდები სნეულებაა, რომლისთვისაც სხვადასხვა ორგანოში, უმეტესად - ფილტვის ქსოვილში ერთი ან რამდენიმე ანთებითი კერის წარმოქმნაა დამახასიათებელი.

დაავადების ინფექციური ბუნება გერმანელმა მეცნიერმა კოხმა 1882 წელს დაამტკიცა. სწორედ მან აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია, რომელსაც უბრალოდ კოხის ჩხირი დაარქვა. სხვა მიკრობებისგან განსხვავებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერია განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა: კარგად გრძნობს თავს მიწაშიც და თოვლშიც, გამძლეა სპირტის, მჟავასა და ტუტისადმი, იღუპება მხოლოდ მზის პირდაპირი სხივების, მაღალი ტემპერატურის და ქლორშემცველი ნივთიერებების ზემოქმედებით.

ამჟამად, მსოფლიოში, ტუბერკულოზით 20 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. ამასთანავე, ერთი ავადმყოფი წლის განმავლობაში თითქმის ას კაცს აინფიცირებს.

კვირის ამბები