ხშირად ნახავდით ქუჩაში დარდიანად მოსიარულეს. თავგანწირვამდე ერთგული იყო და არა მგონია კიდევ ვინმეს შესწევდეს ძალა ისეთი განუწყვეტელი სიყვარულით განვლოს ცხოვრების ყველა წამი, როგორც ეს გიორგიმ მოახერხა და თუ ვცდები, ძალიანაც კარგი, ნეტავ ყველას შეეძლოს“, - ასე ახასიათებს გიორგი მახარობლიძეს უახლოესი მეგობარი, გიორგი ხორბალაძე და GMnews-თან საუბრისას ცნობილი გორელი პოეტის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიას იხსენებს.
„უკვე 7 წელია, ამ დროს, ზემო აჭარაში ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ ტარდება. ღონისძიებაზე, შიდა ქართლიდან მე, გიორგი მახარობლიძე და ჯემალ ინჯია თითქმის ყოველთვის ვიყავით მიწვეულები. პირველ წელს შეძლო გიორგიმ წასვლა, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობამ ხელი აღარ შეუწყო... მოკლედ პირველი წელია და ზემო აჭარის ერთ ულამაზეს სოფელში რომელსაც ხაბელაშვილები ჰქვია, მდინარის სიახლოვეს ფესტივალის მონაწილეები პურობდნენ და პოეზიასა და სუფრის ეშხს გვარიანად შეყოლიებულები ლაზათიან დროსაც ატარებდნენ. იქვე მდინარეში ხაბელაშვილების ხიდის ქვეშ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ჟღურტულებდნენ. მოულოდნელად ჩქარმა მდინარემ გოგონა გაიტაცა და სანამ ვინმე აზრზე მოვიდოდა და გამოერკვეოდა, გიორგი მახარობლიძე უკვე მდინარის დინებას ეჭიდავებოდა გოგონას გადასარჩენად. საბედნიეროდ დღეს გიორგის გადარჩენილი გოგონა ჯანმრთელი და უვნებელია. წამის მეათედიც არ დაჭირვებია ყველასთვის დაესწრო და ადამიანის გადასარჩენად პირველი გაქანებულიყო მდინარის მორევისკენ, მიუხედავად იმისა რომ არც ყველაზე ჯანიანი იყო (ჯანმრთელობა მაშინაც არ ჰქონდა დამაკმაყოფილებელი), არც ყველაზე სწრაფი და არც ყველაზე საუკეთესო მოცურავე…. ეს ამბავი რატომ გავიხსენე - ზოგადად ასეთი იყო გიორგი, თავგანწირვამდე ერთგული, ერთგული არა ვინმესადმი არამედ ზოგადად ადამიანისადმი, არა მგონია კიდევ ვინმეს შესწევდეს ძალა ისეთი განუწყვეტელი სიყვარულით განვლოს ცხოვრების ყველა წამი, როგორც ეს გიორგიმ მოახერხა და თუ ვცდები, ძალიანაც კარგი, ნეტავ ყველას შეეძლოს“, - გვიხრა საუბრისას გიორგი მახარობლიძის უახლოესმა მეგობარმა, პოეტმა გიორგი ხორბალაძემ.
გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.