საზოგადოება
23.03.2023 15:08
სინოპტიკოსების პროგნოზით, აპრილში გორში ტემპერატურის მკვეთრად კლება და თოვლჭყაპია მოსალოდნელი - რა რისკების წინაშე დგანან ფერმერები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერტის ტემპერატურის მკვეთრად კლებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 მარტს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია -1 გრადუსი. პარალელურად, 30 მარტს ნავარაუდევია თოვლჭყაპი. პერიოდულად ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით და დაბალი ტემპერატურა 20 აპრილამდე შენარჩუნდება.

ამინდის არსებული პროგნოზის ფონზე, ფერმერები გარკვეული რისკების წინაშე დგანან, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

,,სამწუხაროდ, ამჟამად არსებული პროგნოზით, აპრილში, სოფლის მეურნეობისთვის კეთილსაიმედო ამინდი არ არის ნავარაუდევი. მოგეხსენებათ, უკვე დაწყებულია ყვავილობა, თუ უახლოეს დღეებში თბილი ამინდები იქნება, ბალი და ატამიც აყვავდება და შესაძლოა, ვაშლმაც დაიწყოს ყვავილობა, ტემპერატურის მკვეთრად დაცემა კი ხეხილს არ წაადგება და გარკვეულ რისკებს შექმნის. ამ დროისთვის არსებული პროგნოზით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურას მინუსებში აჩვენებს, თუმცა, შესაძლოა, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი შეიცვალოს კიდეც, იმედი ვიქონიოთ, რომ ყინვა არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები