შიდა ქართლში, ტანას და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ტანას და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ტანას შენაკადებში, ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს.
დათევზიანების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარ საქმიანობას, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისა მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითის და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ცნობისთვის, შიდა ქართლში, ტანასა და თეძმის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.